პროკურატურამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო – სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა. მას ბრალად “სოფლის განვითარების სააგენტოს” კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებია და ყალბი დოკუმენტების დამზადება/გამოყენება ედება.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ ფარგლებში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა ,,სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და შპს “მედერს” შორის, რომლის საფუძველზე, ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ ლურჯი მოცვის ნერგების შეძენის დანიშნულებით შპს ,,მედერის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე 116 460 ლარი ჩაირიცხა. აღნიშნული თანხა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უნდა გადარიცხულიყო პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე.
თანხის თითქოსდა დანიშნულებისამებრ წარმართვის საჩვენებლად, შპს “მედერის” მინდობილი პირის –
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ იმჟამინდელი უფროსის მიერ წარდგენილი იქნა მის მიერვე დამზადებული, ყალბი საგადახდო დავალება, რომლის თანახმად, თითქოს შპს ,,მედერის“ კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან 31 325 ევრო გადაირიცხა პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე.
რეალურად კი სააგენტოს მიერ შპს ,,მედერის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 116 460 ლარიდან, ბრალდებულმა მითვისების განზრახვით ორ ტრანშად – 84 000 ლარი ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხა შპს “პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს” იმჟამინდელი უფროსისთვის სანდო კერძო მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე, ხოლო 29 200 ლარი საბანკო ანგარიშიდან პირადად გამოიტანა და დაეუფლა”, – წერია უწყების განცხადებაში.