რომელ ობიექტებს მიეცა საახალწლო ღონისძიებების გამართვის უფლება

2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე პერიოდში, სასტუმროებსა და რესტორნებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის უფლება ეძლევათ. თუმცა ეს შეეხება მხოლოდ იმ დაწესებულებებს, რომლის ყველა თანამშრომელსა და სტუმარს „მწვანე“ სტატუსი აქვს.

საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილების თანახმად,  აღნიშნული ღონისძიებების გამართვა სასტუმროებს, განთავსების მსგავს საშუალებებსა და კვების ობიექტებს შეუძლიათ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, „კოვიდ-19“-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ამოქმედებული რეგულაციების დაცვით“.

ესაა პირველი პრეცედენტი, როდესაც დაწესებულება, თანამშრომლების მწვანე სტატუსის არსებობის შემთხვევაში, მოქმედი შეზღუდვებისგან თავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში „მწვანე პასპორტი“ პირველი დეკემბრიდან მოქმედებს და ის მხოლოდ მომხმარებლებზე ვრცელდება.