ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამჟამად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულად ვთვლით, გავაკეთოთ განმარტება.
ცნობილია, რომ მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომაზე ვერ მოხერხდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, რაც მოხდა იმის გამო, რომ საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა დატოვა სხდომა.
კანონის მიხედვით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვედრის ან სხდომის ჩატარება შეუძლია საკრებულოში წარმოდგენილ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს წინასწარი წერილობითი მომართვის საფუძველზე. აღნიშნულ პროცედურას არეგულირებს კანონი და საკრებულოს რეგლამენტი. დღემდე არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან არ დაფიქსირებულა ოფიციალური წერილობითი განცხადება სხდომის მოწვევასთან ან შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით.”- ნათქვამია განცხადებაში.
რუსთავის საკრებულოს შენობაში დღეს ხმაური იყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები საკრებულოს დარბაზში შესვლას ითხოვდნენ. როგორც ენმ-დან საკრებულოს დეპუტატები აცხადებდნენ, მათ სამუშაო ფორმატში სურდათ შეხვედრის გამართვა, რისი საშუალებაც არ მიეცათ.