რუსთავში ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში პარტიამ “საქართველოსთვის” მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.
როგორც გიორგი გახარიას პარტიიდან საკრებულოს წევრებმა განაცხადეს, “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტიკური ინტერესები რუსთაველების ინტერესებზე მაღლა დააყენეს და დაბალანსებული საკრებულო არცერთ პარტიას არ სურს.
“მათ საკუთარი ვიწრო ინტერესები ამომრჩევლის ნებაზე მაღლა დააყენეს. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ საკრებულოში მუშაობას, შევქმნით ფრაქციას და გავატარებთ რუსთაველების ინტერესებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს და მივიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში, როგორც ეს რუსთაველ ამომრჩეველს სურს. ჩვენ ვტოვებთ დღეს საკრებულოს სხდომას ამ ნაწილიდან.”– განაცხადა პარტიიდან “საქართველოსთვის” საკრებულოს წევრმა, ნათია შელეგიამ.
პარტიაში “საქართველოსთვის” ამბობენ, რომ ისინი კონსულტაციებს არ აპირებენ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან და “ნაციონალური მოძრაობის” შეთავაზებას არ მიიღებენ.
“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი სახე აჩვენა და ენმ-ში ამომრჩევლების ხმას “პატივს არ სცემენ”.
“ნაციონალური მოძრაობა” არის იმ ამპლუაში, რაშიც მუდმივად არის. მათ აჩვენეს თავისი სახე, ისინი არათუ მოდიან თანამშრომლობაზე, არც უფრთხილდებიან და პატივს არ სცემენ საკუთარი ამომრჩევლების ხმას. სამწუხაროა, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც, ფაქტობრივად, აღმოჩნდნენ მათ მხარეს. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, როდესაც ამბობ, მე ვაპირებ თქვენთან თანამშრომლობას, მაგრამ რეალურად დგები და ტოვებ საკრებულოს სხდომას, არ ირჩევ საკრებულოს თავმჯდომარეს, გამოდის, რომ შენ გაწირე შენი საკუთარი ქალაქი კოლაფსისთვის, მინიმუმ ერთი კვირით, სანამ არ მოხდება თავმჯომარის არჩევა.”– განაცხადა “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრმა, მარიკა ლიპარტელიანმა.
რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ენმ-დან საკრებულოს 16-მა დეპუტატმა სხდომა თავმჯდომარის არჩევნების პირველ ტურამდე დატოვა.