რუსთავში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

რუსთავში 60 წელზე ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქში​ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ზოგადი სამიზნე ჯგუფის 50%-ს, 34 ათასზე მეტ მოქალაქეს უკვე გაკეთებული აქვს.

ქვემო ქართლის მასშტაბით იმუნიზაციის პროცესი გავლილი აქვს 4232 პენსიონერს. ვაქცინაციის სტატისტიკა საგრძნობლად გაუმჯობესებულია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ, რომელიც ვაქცინირებული პენსიონერებისთვის 200 ლარიან დანამატს ითვალისწინებს.

იმუნიზაციის პროცესის გამარტივებაში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია. რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლში მცხოვრები ბენეფიციარების ტრანსპორტირებას ვაქცინაციის ცენტრამდე მუნიციპალიტეტი თავად უზრუნველყოფს. მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებთა 50%-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა უკვე ჩატარებული აქვს.

კლინიკა “რუსთავში“ მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი ადგილზე გაეცნო.