საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია – CovidPass Georgia და Georgia e-Health.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.
რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
„მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო.
ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10,000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის – 2,000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ცხელ ხაზის შემდეგ ნომრებს- 1505, 144, 1522 და ასევე, ეწვიეთ ვებ-გვერდს – https://www.provax.ge/“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.