საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 2 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
“ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები. მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი “, – აღნიშნავს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მას სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ” გლობალურ რისკს წარმოადგენს. საქართველოს გარდა, „ომიკრონი“ კიდევ მსოფლიოს 89 ქვეყანაშია დაფიქსირებული.