სახელმწიფო რწმუნებულმა კოდისწყაროში მცხოვრებ ერთადერთ ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა სოფელ კოდისწყაროში მცხოვრებ ქავთარაძეების ერთადერთ ოჯახს, რომლებსაც, მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, მამა-პაპიესული კერა დღემდე არ დაუტოვებიათ და აქტიური სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არიან დაკავებულები.

 

გიორგი დოხტურიშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა ოჯახის მცირეწლოვან წევრებს სადღესასწაულო ნობათი გადასცეს. მხარისა და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, სოფლის ისტორიისა და ადგილზე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია კი ოჯახის უხუცესი წევრისგან, 72 წლის, გოგი ქავთარაძისგან მოისმინეს, რომელიც კოდისწყაროში დაბადებიდან ცხოვრობს და 16 შვილიშვილი ჰყავს.

 

სახელმწიფო რწმუნებული ქავთარაძეებს სოფლების განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პროგრამებზე ესაუბრა და კოდისწყაროში ამ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების გადაჭრაში მყისიერ დახმარებას დაპირდა.