სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში, პირველი დეკემბრის მდგომარეობით, მოქალაქეებს 839 სესხი დაუმტკიცდათ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, აღნიშნული სესხების ჯამური დამტკიცებული მოცულობა 94 022 827 ლარს შეადგენს.
იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა, რომელსაც შესაბამისი კომპონენტი – „აწარმოე საქართველოში“ დაემატა. პროგრამაში – „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, გაფართოვდა მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრება. თუ აქამდე, სესხის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვა შეეძლო მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს, ცვლილების შემდეგ სტატუსის ქონა არ იქნება აუცილებელი და პროგრამით სარგებლობას შეძლებენ ის პირებიც, რომლებიც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა, სხვა კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
პროგრამის ფარგლებში, იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად. იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ.
სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.