ტიკარაძე: ჩვენ გავუმკლავდებით ნებისმიერი სირთულის ტალღას [ვიდეო]

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში საკმარისი საწოლფონდია, რომელიც შეუფერხებლად შეძლებს კოვიდპაციენტების მიღებას.

ტიკარაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, “ომიკრონი” სწრაფად ვრცელდება და მის მართვას განსაკუთრებული მზადყოფნა სჭირდება, რაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აქვს.

“ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დღეს უკვე კოვიდპანდემიის მართვის მიმართულებით არის აწყობილი სისტემა, სისტემა ფუნქციონირებს – ჩვენ გვაქვს ტესტირების უმაღლესი სტანდარტი, რითაც დროულად ვახერხებთ პაციენტების ტესტირებას. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ასევე, კლინიკებში საწოლბრუნვა არის შესაფერისი იმ რიცხვებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია ქვეყანაში. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ეს პროცესები ასე შეუფერხებლად გაგრძელდეს და ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდებით ნებისმიერი სირთულის ტალღას.

როგორც ვაკვირდებით, ეს არის საკმაოდ სწრაფად განვითარებადი ახალი შტამი, სხვანაირი ვერ იქნება საქართველოში. გამომდინარე აქედან, არის შესაფერისი მზაობა საჭირო, რომელიც, ამ ეტაპზე, საქართველოს გააჩნია,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.