ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტებზე, სამი პირი დააკავეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და დიდი ოდენობით ქონების გარიგებით გადამალვის ფაქტებზე, სამი პირი დააკავეს.

გამოძიების პროცესში, ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ამოღების უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულია ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება, ასევე საბანკო ანგარიშები.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე და 205-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

„გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელზე არსებული 3 103 197 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება, თვალთმაქცური გარიგებებისა და ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის გზით, გადააფორმეს მათივე მართვის ქვეშ მყოფი სხვა კომპანიის სახელზე, რითაც სახელმწიფოს წაერთვა შესაძლებლობა აღნიშნული ქონების რეალიზაციით ამოეღო კომპანიის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. ამავე დროს, აღნიშნული თვალთმაქცური ოპერაციის შედეგად, გარიგებაში მონაწილე კომპანიამ მიიღო 1 146 101 ლარის ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადის ე.წ. ფიქტიური ჩათვლა, საიდანაც 399 128 ლარი გამოიყენა საბიუჯეტო გადასახადების დაფარვის მიზნით” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.