ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი მონეტების დამზადება-გამოყენების გზით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად დაამზადა 563 ცალი 1-ლარიანის ფორმისა და ზომის მონეტა, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით, ჩარიცხა თავისი მეუღლის ანგარიშზე, საიდანაც შემდგომში მოხდა მისი განაღდება.
ბრალდებული დაკავებულ იქნა უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 30 ცალი კუსტარულად დამზადებული მონეტა და აღნიშნული მონეტების დასამზადებლად განკუთვნილი მოწყობილობები“-ამბობს საგამოძიებო სამსახური.
დაკავებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.