საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და ყველა ლაბორატორიას აქვს პროტოკოლი, რა შემთხვევაში შეიძლება მიიტანონ ეჭვი კოვიდვირუსის ახალ შტამზე.
„დღემდე 10-მდე სეკვენირება არის გაკეთებული, ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. მკაცრად უნდა დავიცვათ რეგულაციები, რაც არსებობს: ყველამ უნდა ატაროს პირბადე ღია და დახურულ შენობაში, რადან „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება. მნიშვნელოვანია სანიტარული წესებისა და დისტანციის დაცვა, უარი დიდ თავშეყრებზე და აცრები. რაც მეტია აცრილი ადამიანი, მით ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელების რისკი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება შედარებით სტაბილიზაციისკენ მიდის.
„ყველაზე მძიმე ინდიკატორს, სიკვდილიანობას აქვს კლების ტენდეცია. ბევრია გარდაცვალების 39 შემთხვევა, მაგრამ ის აღარ არის 50 და 70. ეპიდვითარება ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება. ორი დიდი რისკია. მოდის ახალი წელი და მობილობა გაიზრდება, ამიტომ მკაცრად უნდა დავიცვათ რეკომენდაცია. მეორე რისკი არის „ომიკრონის“ შემოსვლის და გავრცელების. ის უკვე 73 ქვეყანაშია გავრცელებული. ალბათ ჩვენც ვერ აგვივლის გვერდს.”- განაცხადა ამირან გამყრელიძე.









