შოთა რეხვიაშვილი თეა ახვლედიანის მოადგილედ დაინიშნა

შოთა რეხვიაშვილი საქმიანობას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გააგრძელებს. სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის 2021 წლის 1 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, რეხვიაშვილი სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

რეხვიაშვილი 2018 წლიდან დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციას იკავებდა. 2014-2018 წლებში ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2012-2013 წლებში მას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტი ეკავა. 1993 წლიდან 2012 წლამდე შოთა რეხვიაშვილი დასაქმებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.

რეხვიაშვილი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, მისმა პირველმა მოადგილემ ჩაანაცვლა. გიორგი დოხტურიშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს დღეს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა წარუდგინა.