CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად მიმდინარე კვირას 4 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ორი უცხოეთის მოქალაქე იყო, ერთი კი მცირეწლოვანი.
„CO-ს გაჟონვით, მიმდინარე კვირას უცხოეთის 2 მოქალაქე, ასევე მცირეწლოვანი და დედა გარდაიცვალა. არ ყოფილა აფეთქება ან მასშტაბური შემთხვევა, არამედ, მოხდა გაჟონვა, რაც იმას გულისხმობს, რომ შიდა ქსელზე დარღვევები არსებობდა. ფართში განთავსებული იყო სასიკვდილო შედეგის მქონე დანადგარი. ქსელი იმ დონეზე იყო მოწყობილი, რომ გარდაუვალი იქნებოდა ასეთი შედეგის დადგომა. მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უნდა მოვუწოდოთ“, – აღნიშნავს ვარდიაშვილი.
როგორც ენერგოომბუდსმენი განმარტავს, CO ყველაზე საშიში ნივთიერებაა და ადამიანს წამებში კლავს. მან ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.
“CO კლავს წამებში! ჩვენმა მომხმარებელმა ეს უნდა გაითავისოს. პირველი რეკომენდაციაა, ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელსაც მომსახურე ორგანო გვაწვდის. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რომ შესაძლოა, გაჟონვა იყოს, ფართობს ვანიავებთ და საცხოვრებელ ფართს ვტოვებთ. საავარიო სამსახურში ვრეკავთ და ვატყობინებთ, რომ მოვიდნენ. არ ვანთებთ ელექტროენერგიას, არ მივმართავთ თვითდახმარებას, არ ვეხებით მრიცხველებს. ვიძახებთ სპეციალისტებს. აუცილებელია ყოველ სეზონზე შემოწმდეს შიდა ქსელი შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან “, – აღნიშნა ვარდიაშვილმა.