UNDP-მა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს ციფრული ტექნიკა გადასცა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, UNDP-ის ხელმძღვანელ ნიკ ბერესფორდს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანს უმასპინძლა – სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას მხარისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, UNDP-ის ეგიდით, შვეიცარიის და ავსტრიისა მთავრობების ხელშეწყობის ფარგლებში, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს ციფრული ტექნიკა – კომპიუტერები, პორტატიული სკანერები და მრავალფუნქციური პრინტერები გადაეცა, რაც ელექტრონული მუნიციპალური სერვისების მიწოდებასა და შორეულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მომსახურებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობები განიხილეს და სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები დასახეს. ყურადღება გამახვილდა, რეგიონში პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების პროცესში პარტნიორი, საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.