გამყრელიძე: ეთნიკურ უმცირესობებთან ვაქცინაციის პროცესი პრობლემად რჩება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეთნიკურ უმცირესობებთან ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება კვლავ პრობლემად რჩება. ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში 12 000-მდე აცრა ჩატარდა.

„იმ სოფლებში, სადაც იწარმოება ვაქცინაციის მარათონი, დაახლოებით 12 000-მდე დამატებითი აცრა არის გაკეთებული. ეს ნიშნავს, რომ მეტი ცნობიერება შევიდა სოფლებში, მაგრამ უფრო მეტი სტიმული აცრებს მისცა 200-ლარიანმა წახალისებამ, ასევე მეტად წაახალისა „მწვანე პასპორტებმა“. 90 000-მდე დამატებით ადამიანია 60 წლის ზემოთ აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ეთნიკურ უმცირესობასთან ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

„ეთნიკურ უმცირესობებთან ვაქცინაციის პროცესი პრობლემად რჩება. გიდასტურებთ, აქ მეტი სამუშაოა, ენის ბარიერი და სხვა პრობლემები რჩება. ამ საკითხზე ვმუშაობთ მთელი გუნდი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოფელ-სოფელ, მათ შორის იმ სოფლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები სახლობენ და იქ ახსნა-განმარტებითი მეტი მუშაობა მიმდინარეობს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.