რუსთავში, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა, კიდევ 107 ოჯახს აღარ ექნება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინები მათ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემათ საკუთრებაში.
ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, ქალაქის საკრებულოს წევრებთან ერთად გააცნეს და მთავრობის განკარგულების ასლი პირადად გადასცეს.
იმ 107 ოჯახს, ვისი ფართის დაკანონების შესახებაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ბინის კანონიერი მესაკუთრეობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდება.
2021 წელს, რუსთავში დაკავებული ფართები საკუთრებაში 500-მდე ოჯახს გადაეცა. რუსთავის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურში, საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო პროცედურები კიდევ 150 განაცხადზე მიმდინარეობს.