სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, მარნეულში ღვაწლმოსილ ადამიანებს ახალი წელი მიულოცეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, მხარისა და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მარნეულში ღვაწლმოსილ პედაგოგს, მარინა მეგრელიძეს და ადგილობრივ  მომღერალს, შაბან მამედოვს ესტუმრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. მარინა მეგრელიძე 5 ათეული წელია მარნეულის ორ საჯარო სკოლაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის, ასევე ,,ქართული როგორც მეორე ენის“ პედაგოგია. 2015 წლიდან აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, არის ტრენერი და აქტიურადაა ჩართული პროექტში- „ზოგადი განათლების რეფორმა და ლიდერობის მიმართულება“.

შაბან მამედოვი მარნეულელი მომღერალია, რომელიც ამჟამად ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. დღემდე მოპოვებული აქვს 8 საერთაშორისო გრანპრი, 13-ი პირველი ადგილი და 60-ზე მეტი სხვადასხვა დიპლომი და სერტიფიკატი.