უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების მაღალი სისწრაფის გათვალისწინებით, ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში იზრდება, თუმცა ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაზრდილი არ არის. სპეციალისტების შეფასებით, ვაქცინირებულ პირებში „ომიკრონი“, ისევე, როგორც „დელტა“ შტამი მსუბუქად მიმდინარეობს და ინფიცირებული პირების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ე.წ ბუსტერ დოზებით აცრის მნიშვნელობას ვირუსის მსუბუქად გადატანისთვის.
საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის” 1200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც ჰოსპიტალური მკურნალობა 14 პაციენტს დასჭირდა.
„საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ითვლება, რომ ცირკულაციაში ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, „ომიკრონია“. აქედან უმეტესობა თბილისშია. დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. „ომიკრონით” ინფიცირებულების დიდი ნაწილი ვაქცინირებული იყო, „ბუსტერიც” გაკეთებული ჰქონდათ”, – განმარტავს გაბუნია.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი არის შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ომიკრონით” გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ”.
მისივე თქმით , „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა, რომ აქვს დაახლოებით სამჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელი.
„ჩვენთან 1 254 შემთხვევაზე დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი იყო ინფიცირებული „დელტათი“, მერე დაინფიცირდა „ომიკრონით“. ამიტომ ის გვერდს უვლის „დელტას“ და ხდება ინფიცირება. ხაზს ვუსვამ, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონია“ ახლა, გადავიტან მას როგორც სურდოს. არა – „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას, დამძიმებას. ამიტომ ჯობია, რომ არ შეგხვდეთ „ომიკრონი“, – განაცხადა გამყრელიძემ.