პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ თბილისსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. ინფორმაციას და ვიდეომასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაულებისთვის სხვადასხვა დროს დაკავებულია სამი პირი.

თბილისში 1974 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაც შეეხება მეორე პირს, 1989 წელს დაბადებული ი.გ. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 32 საბრძოლო ვაზნა.

ქუთაისში დააკავეს 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. ნივთმტკიცებად ამოღებულია „მაუზერის“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.