რუსთავში ლიფტები უფასო გახდა – 1 იანვრიდან კორპუსის ამხანაგობებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა

პირველი იანვრიდან რუსთავში არსებული ლიფტებით სარგებლობა უფასო უნდა გამხდარიყო, თუმცა ქალაქში არსებული 1 147 ლიფტიდან, ჯერჯერობით მხოლოდ 750 ლიფტით სარგებლობაა უფასოდ შესაძლებელი.

როგორც “რუსთავის კორპუსში” TV4-ს განუმარტეს, ლიფტების დარჩენილი ნაწილით უფასოდ სარგებლობა მოქალაქეებს დაახლოებით ათი დღის ვადაში შეეძლებათ, მას შემდეგ რაც პროცედურული და ტექნიკური საკითხები დასრულდება.

პირველი იანვრიდან ქალაქში კორპუსის ამხანაგობებისთვის ლიფტებში მოვლა-პატრონობის ახალი პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა  ლიფტების რეაბილიტაციას, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებას და  მოვლა -პატრონობის ახალ სერვისს ითვალისწინებს. მოსახლეობა ლიფტებით უფასოდ სარგებლობას ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებამდე შეძლებს.

რუსთავის მაღალსართულიან კორპუსებში 1 200-მდე ძველი ლიფტია. ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება ქალაქში უკვე დაწყებულია. წლის ბოლომდე, ახალი ლიფტის მონტაჟი 60-მდე ლოკაციაზე დასრულებული იქნება.

ახალი პროექტი კორპუსის ამხანაგობებს რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ 20 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე გააცნო.