მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5% აცრილია

2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა – ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%- ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლები კვლავ ჯანდაცვის რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5%.

„სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.