ავტოსაგზაო შემთხვევა შარტავას გამზირზე – დაშავებული ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

შარტავას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ  მძიმეა, ის კლინიკა “რუსთავის” რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სტაბილურია ავტოსაგზაო შემთხვევაში დაშავებული ოჯახის სხვა წევრების, ახალგაზრდა მამაკაცისა და მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა.

არასრულწლოვანი კლინიკა “რუსთავიდან” ჟვანიას კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. სტაბილურია მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში შარტავას გამზირზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა. ორი თვის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.​

​მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.