უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ.
ამასთან, როგორც ღიბრაძემ განაცხადა, დამატებითი შეზღუდვები არ წესდება.
„გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა 1 თვით გახანგრძლივდება. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს, მათაც წახალისებას გავუკეთებთ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ღიბრაძემ.
“ბუსტერ” დოზის ეფექტურობაზე ისაუბრა და მოსახლეობას ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებისკენ მოუწოდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, საჭიროა ვაქცინაციის გააქტიურება, რადგან “ბუსტერ” დოზის გაკეთების შემთხვევაში დამცველობის ეფექტი მნიშვნელოვნად იზრდება.
„8000 იყო, დაახლოებით, გუშინ ჩატარებული აცრების რაოდენობა. ძალიან კარგი ინიციატივაა 50 წელს ზემოთ 100-ლარიანი ფინანსური წახალისება „ბუსტერ“ დოზაზე. ჩვენი გამოცდილებით, ფინანსურმა წახალისებამ ყველაზე უკეთ იმუშავა 65 წელს ზემოთ პირებში და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება იმაში, რომ ვაქცინაციის პროგრამა გახდეს კიდევ უფრო აქტიური, რაც რეალურად არის ძალიან ეფექტური კვლავაც, რადგან „ომიკრონის” ფონზე, დამატებითი კვლევები და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები ადასტურებენ, რომ უკვე ჩატარებული 2 დოზა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისგან, თუმცა „ბუსტერ“ დოზა მნიშვნელოვნად ზრდის დამცველობით ეფექტს ინფიცირების თვალსაზრისით, ასევე ჰოსპიტალიზაციისა და გავრცელების თავიდან აცილების კუთხით“, – განაცხადა გაბუნიამ.









