ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის EU4Youth- SEAG გამარჯვებული სოციალური საწარმო-სასწავლო ცენტრი „გარისელი“ ოფიციალურად გაიხსნა თეთრიწყაროში. ცენტრი ორიენტირებულია თეთრიწყაროს მოსახლეობის უნარ-ჩვევების განვითარებაზე და მოიცავს ტრენინგებსა და სასწავლო კურსებს.
საწარმოს სოციალური მისიაა აამაღლოს ადგილობრივი ახალგაზრდების და განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობის არაფორმალური განათლება და მოამზადოს ისინი დასაქმებისთვის ან სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებისთვის.
ცენტრი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს გიდის მომსახურებასა და კონსულტაციებს ტურის დაგეგმვის/ ტურისტული მარშუტების შესახებ როგორც ონლაინ, ისე ადგილზე.
„ძალიან მახარებს, როდესაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იქმნება ისეთი მნიშვნელობის ობიექტები, რომლებიც ხელს უწყობენ თემის გაძლიერებას და განვითარებას. არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკურად ჭრელი თემისთვის, რადგან ყველა მსურველს განურჩევლად წარმომავლობისა და რელიგიისა შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი შესაძლებლობებისა განვითარებისა და პიროვნული რეალიზების. ქვემო ქართლში განსაკუთრებულად დგას მიგრაციის პრობლემა და საზოგადოების დაბალი ჩართულობა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობა სხვა თემებთან შედარებით“. – განაცხადა სოციალური საწარმო „გარისელის“ დამფუძნებელმა, ნინო ტიკურიშვილმა.
“მოხარულები ვართ, დავუჭიროთ მხარი კიდევ ერთი სოციალური საწარმოს გახსნას SEAG პროექტის ფარგლებში, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს და თეთრიწყაროს მოსახლეობას გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი და განახორციელონ საკუთარი იდეები პრაქტიკაში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ სოციალურ საწარმოს ექნება ფართო მასშტაბიანი ეფექტი და შექმნის ბევრ წარმატებულ ისტორიას ამ რეგიონში”. – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, ნინო სამველიძემ.
EU4Youth- SEAG პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ხელშეწყობით. მისი მთავარი მიზანია 18-29 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება და დასაქმება სოციალური მეწარმეობის სფეროში.