„კანონმდებლობა სუფთა ჰაერისთვის“ – “გავიგუდეთ” პროექტს ხვალ შეაჯამებს

ხვალ, 21 დეკემბერს ორგანიზაცია “გავიგუდეთ”, რუსთავში ჰაერის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული პროექტის ანგარიშს წარადგენს.  “კანონმდებლობა სუფთა ჰაერისთვის- აღსრულების მონიტორინგი “- ასეთია პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ სხვა აქტივობებთან ერთად, საწარმოო ზონის მონიტორინგი კიდევ ერთხელ ჩაატარა და კონკრეტული უწყებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

გაიმართა ასევე საინფორმაციო ტურები რუსთავის საწარმოო ზონაში და მოსახლეობის ჩართულობით მომზადდა სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში სასამართლოში შეიტანენ.

“პროექტის ფარგლებში გამოვითხოვეთ და შევისწავლეთ არაერთი საჯარო ინფორმაცია; მუდმივ რეჟიმში ვახორციელებდით საწარმოო ზონის მონიტორინგს და გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალას ვაქვეყნებდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე; მოსახლეობას ვაწვდიდით ინფორმაციას ჰაერის ხარისხის შესახებ; დარღვევებთან დაკავშირებით ვრეკავდით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე – 153-ზე; გამოვაქვეყნეთ air.gov.ge-ის გამოყენების ვიდეო ინსტრუქცია და რამდენიმე ქვიზი ჰაერის დაბინძურებაზე; პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო ტური რუსთავის საწარმოო ზონაში, გვქონდა შეხვედრა მწვანე საკითხებით დაინტერესებულ ჯგუფებსა და აქტივისტებთან; აქტიურად ვურთიერთობდით მედია საშუალებთან; რამდენჯერმე შევხვდით მოსახლეობას და მათი ჩართულობით მომზადდა სარჩელი, რომელსაც უკვე უახლოეს დღეებში შევიტანთ სასამართლოში. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მომზადდა ანგარიში, რომლის პრეზენტაცია გაიმართება 2022 წლის 21 იანვარს. ღონიძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.“- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება უშუალოდ ჰაერდაცვითი კანონმდებლობის აღსრულების კუთხით არსებულ სიტუაციას, ორგანიზაციის ცნობით, ამ საკითხზე ანგარიშში ისაუბრებენ თუმცა, სხვადასხვა საჯარო უწყებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. 

პროექტი „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით განხორციელდა და  2021 წლის ივნისიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით გრძელდებოდა.