შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მუშაობა განაახლა. მთავრობის დადგენილებით, სააგენტოში 1-ლი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი დასვენების დღეებად იყო გამოცხადებული.
მოქალაქეები, რომლებსაც ამ პერიოდში, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით ჰქონდათ დაჯავშნილი თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას დღეიდან 31 იანვრის ჩათვლით, დაჯავშნისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში შეძლებენ.
პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელ მძღოლობის კანდიდატებს საპატიოდ ჩაეთვლებათ 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი და პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ 2022 წლის 10 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით.
იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში, განბაჟების მიზნით, მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ 2022 წლის 10 იანვარს.