ნინო ლაცაბიძე: ოპოზიციური პარტიების კოალიცია ამჯერად რუსთავში ოფიციალურად გაფორმდა[ვიდეო]

  “ნაციონალური მოძრაობის” და პარტია “საქართველოსთვის” კოალიცია ამჯერად რუსთავში ოფიციალურად გაფორმდა.  ფორმალურად ორი პარტიის, რეალურად კი ერთი პოლიტიკური ორგანიზმად ქცეულმა სუბიექტებმა საკრებულოს თავმჯდომარე ერთხმად აირჩიეს, – ასე ეხმაურება რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ქალაქის საკრებულოში დღეს განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ლაცაბიძე ამბობს, ორივე ოპოზიციურ პარტიას ერთი პოლიტიკური მიზანი ამოძრავებს, თუმცა მისთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, პოლიტიკურ პროცეზსებზე მაღლა რუსთავის ინტერესები დგას.

 “ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ ეს პარტიები სინქრონულად მოქმედებენ და მათ ერთი პოლიტიკური მიზანი ამოძრავებთ. საკრებულოს უხუცესი ჩვენი გუნდის წევრია, რომელიც კოვიდინფიცირებულია,  თუმცა პროცედურული ფაქტორების გამო, ხელი არ შეგვიშლია ამ სხდომისთვის და ესეც ბუნებრივია. ჩემთვის, როგორც რუსთავის მერისთვის, პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა ჩემი ქალაქის ინტერესები დგას. რუსთაველებმა ნდობა გამოგვიცხადეს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი უფრო ჯანსაღი, კომფორტული და განვითარებული გავხადოთ, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ.

 ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს რუსთავის განვითარებას და რუსთაველების ყოველდღიურობას აუცილებლად უკეთესს გახდის. მე შევიტან საკრებულოში ქალაქის საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს და თუკი ოპოზიციის მხრიდან არ მოხდება ამ პროექტების დამტკიცება, ეს პირდაპირი გზავნილი იქნება, რომ მათ არ აღელვებთ ჩვენი ქალაქის და ჩვენს ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის ბედი და მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესები და მუდმივი პოლიტიკური საბოტაჟი აინტერესებთ.

 მინდა ყველამ იცოდეს, რომ საკრებულოში წარდგენილი პროექტების ბოიკოტი რუსთავისა და რუსთაველების ღალატი იქნება. რუსთაველებს უამრავი სიახლე და ინიციატივა ელოდებათ ჩვენი გუნდისგან და ჩვენ ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე აუცილებლად გადავიყვანთ, ხოლო თუ მათ განხორციელებას ოპოზიციური პარტიები მხარს არ დაუჭერენ, ისინი ხალხისგან მიიღებენ საკადრისს პასუხს.”– განაცხადა რუსთავის მერმა.