პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო [ვიდეო]

 პოლიციამ მესტიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ორი პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

პოლიციამ 1979 წელს დაბადებული ბ.ფ. და 1949 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავა. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბ.ფ.-ის საცხოვრებელ სახლში არსებული სამალავიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ოთხი მჭიდი და 100 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაც შეეხება ა.ლ.-ს, პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მდებარე სათავსოდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 93 ვაზნა, ოთხი კაფსულ-დეტონატორი და არარეგისტრირებული ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.