როდის ეწურება ვადა საქართველოში შემოტანილ კოვიდვაქცინებს

ამირან გამყრელიძემ საქართველოში გამოყენებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ვარგისიანობის ვადებზე ისაუბრა. ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ქვეყანაში ამ ეტაპზე გვაქვს 550 ათას დოზამდე Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც ვადა აქვს 31 მარტამდე. გვაქვს კიდევ დაახლოებით 1,5 მილიონი Sinopharm-ი და Sinovac-ი, რომელსაც ვადა აქვს 2023 წლის ივნის-ივლისამდე, ზუსტი თვე არ მახსოვს. ანუ, საკმაოდ ვადიანი არის. რაც შეეხება, ახალ შესყიდვებს, გიდასტურებთ, რომ უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკება Pfizer-თან წელს დამატებით 2 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით. მათ შორის, საუბარია ბავშვების დოზებზე, მოგეხსენებათ, 5-11 წლის ასაკისთვის დოზა 12 წელზე ზევით დოზისგან განსხვავდება. ასევე, საუბარია იმაზე, რომ თუ Pfizer-ს ექნა „ომიკრონისთვის“ სპეციფიკური ვაქცინა, საქართველოს ამაზეც აქვს განაცხადი გაკეთებული“, – განმარტა გამყრელიძემ.