რუსთავის საკრებულოში სამი ფრაქცია შეიქმნა [ვიდეო]

რუსთავის საკრებულოში სამი ფრაქცია – “ქართული ოცნება”, “გახარია – საქართველოსთვის” და “ნაციონალური მოძრაობა” შეიქმნა.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოში 6 წევრით იქნება წარმოდგენილი, “ქართული ოცნება” – 5, ხოლო ფრაქციაში “გახარია – საქართველოსთვის” 3 წევრი გაერთიანდა.

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარედ ლაშა ჩოფლიანი აირჩიეს, მოადგილეებად ზაზა ტოგონიძე, მარი ლიპარტელიანი, ამირან ჯანჯღავა და გრიგოლ ვეფხვაძე.

ფრაქციას “გახარია საქართველოსთვის” ნათია შელეგია უხელმძღვანელებს, ფრაქციის წევრები კი ნოდარ შეროზია და ზაზა ჯაიანი იქნებიან. ფრაქციის თავმჯდომარეს მოადგილეების ვინაობა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას, თავმჯდომარის თანამდებობას ზურაბ ბერაძე აირჩიეს, მოადგილეები კი გიორგი მღებრიშვილი, ქეთევან ბენაშვილი, ლაშა დიდია, გრიგოლ გუნიავა და კახაბერ ყეინიშვილი იქნებიან.

როგორც ცნობილია, ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას გუნდის წევრი, ნოდარ შეროზია იქნება, ხოლო მისი მოადგილეები “ნაციონალური მოძრაობიდან” ალექსანდრე ბერიძე და პარტიიდან “გახარია საქართველოსთვის” ზაზა ჯაიანი იქნებიან.