საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზებზე ყველა მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის აკრძალვა ძალაშია შემდეგ საავტომობილო გზებზე: ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ45 (ნაქერალის უღელტეხილი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამასთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ90-კმ186 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.