რუსთავის წარმომადგენლობით ორგანოში ახალი მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს – დღეს საკრებულომ თავმჯდომარე და მისი მოადგილეები უნდა აირჩიოს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ასევე, ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღების საკითხი.
საკრებულოს სხდომა დეპუტატების გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის არჩევის საკითხით დაიწყო. “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვეტილება შეცვალა და თავმჯდომარეობის კანდიდატი არ წარადგინა. კანდიდატი არ წარუდგენია არც “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც წინა სხდომაზე არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.
ნოდარ შეროზია დასახელდა კვლავ პარტიიდან “საქართველოსთვის” რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. საკრებულომ შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცედურა ჩატარდება.
შეგახსენებთ, გასული წლის 3 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, მეშვიდე მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია. თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა დატოვა “ნაციონალურმა მოძრაობამ. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ” და პარტიამ “გახარია- საქართველოსთვის”. გახარიას პარტიამ კანდიდატად ნოდარ შეროზია დაასახელა, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” მამუკა რეხვიაშვილი. კენჭისყრის შედეგად, 16 ხმა “ქართული ოცნების” დასახელებულ კანდიდატს მამუკა რეხვიაშვილს ჰქონდა, ხოლო 3 ხმა ნოდარ შეროზიას.
მეორე ტურიდან სხდომათა დარბაზი უკვე გიორგი გახარიას პარტიის მანდატით საკრებულოში შესულმა დეპუტატებმაც დატოვეს.









