რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქვემო ქართლში შემთხვევების 40%-მდე სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონია”.
ქვემო ქართლში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსზე 22 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსი 1 418-ს დაუდასტურდა. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემების თანახმად, რეგიონში შვიდი დღის დადებითობის მაჩვენებელი 6,2%-ია. იანვრის თვის დადებითობა 7%-ს შეადგენს.
რაც შეეხება რუსთავს, ქალაქში 2 700-ზე მეტმა პირმა ჩაიტარა კოვიდტესტირება და ბოლო ერთ კვირაში 729 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა წინა კვირის დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკა 507 იყო.
ადგილობრივი ეპიდემიოლოგების ცნობით, მხარეში შემთხვევების ყოველდღიური მატება აღინიშნება, რაც მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
ქვემო ქართლში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 40%-ია, ბუსტერ დოზით 3 903 ადამიანი აიცრა. რუსთავში სამიზნე აუდიტორიის 60,3%-მა ჩაიტარა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მესამე, ბუსტერ დოზა ქალაქში 2 577 ადამიანმა გაიკეთა.