ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაჯამა და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართა.
როგორც გამყრელიძე ამბობს, დღეს ქვეყანაში არსებული დადასტურებული შემთხვევების 90% ომიკრონია და ძირითადად უსიმპტომოდ ან მცირე გართულებებით მიმდინარეობს.
გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, მცირე რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში დარჩნენ სახლში და მიმართონ 112-ს. მისი თქმით, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ 1 %-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, შემთხვევების 90% ჩაივლის უსიმპტომოდ ან მცირე გართულებებით.
„მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ თუ გეწყებათ რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რაც არის ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი და ტემპერატურის მომატება, არ არის საჭირო რამდენიმე ადგილას დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა კორონავირუსი.
გამომდინარე იქიდან, რომ ინფიცირებულთა 90%-ში ცირკულირებს ომიკრონის შტამი, უნდა დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 112-ს და ოჯახის ექიმთან ერთად მართოთ მდგომარეობა, რაც გექნებათ. შემთხვევების 90%-ში ეს ყველაფერი ჩაივლის გართულებით გარეშე ან სიმპტომების გარეშე, რაც არის ყელის ტკივილი და 37 გრადუსი ტემპერატურა. რაც მთავარია, იყავით მშვიდად“, – მიმართა გამყრელიძემ მოქალაქეებს.