რუსთავში დღეს ცუდი ჰაერი იყო – შპს “რუსელოისში” მავნე ნივთიერებების გაფრქვევა ისევ დაფიქსირდა, რაც TV4-ის კამერებმაც გადაიღო.
“ქრონიკის” გადამღები ჯგუფი ადგილზე მივიდა და ეცადა გაერკვია, დამონტაჟდა თუ არა ქარხანაში სენსორული მოწყობილობა, რომელმაც ქარხნიდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევა უნდა გააკონტროლოს.
TV4-მა ადგილზე საწარმოს ხელმძღვანელობასთან გასაუბრება შეძლო.. “რუსელოისის” დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, საწარმოს ფილტრაციის სისტემა არ დაუყენებია და არც სენსორული მოწყობილობა აქვს დამონტაჟებული.
როგორც “რუსელოისის” დირექციაში აცხადებენ, მათ ჰაერის დაბინძურების მზომი სენსორის დაყენების ვალდებულება აქვთ მარტამდე, ხოლო ფილტრაციის სისტემის დაყენება ივნისამდე უნდა უზრუნველყონ.
რაც შეეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, უწყებას ცხელ ხაზზე -153 ინფორმაცია მივაწოდეთ, თუმცა დეპარტამენტს საწარმოს მხოლოდ ერთჯერადად დაჯარიმების ბერკეტი აქვს, რაც სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
ვიდრე საწარმოს დირექციასთან გასაუბრებას შევძლებდით, TV4-ის გამომწერებს “ფეისბუქ” ლაივი შევთავაზეთ. მოგვიანებით, კომენტარი საწარმოს ხელმძღვანელი პირებისგან ავიღეთ.