ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანეს[ვიდეო]

ჭყონდიდელის დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით ქალაქში არსებულ ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს.

ხანძრის შედეგად, რომელიც დღეს რჩეულის N6-ში გაჩნდა, 8 ოჯახი დაზარალდა.

ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დამწვარია ორი ბინა, ხოლო ექვსი ბინა ნაწილობრივ არის დაზიანებული. სასტუმროში რუსთავის მერიის მხარდაჭერით, ჯამში 22 ადამიანი განთავსდა.

“ხანძრის შედეგად დაზარალებულები რუსთავის მერიამ გადმოიყვანა სასტუმროში, რომ მათ შეძლონ სითბოში და მშვიდ გარემოში დარჩენა. მოვინახულე, ყველა არის ჯანმრთელად კარგად. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, თუ რა ზიანი მიადგა თითოეულ ოჯახს, ამ დასკვნის შემდეგ მუნიციპალიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებებს. მანამდე მაქსიმალურად ჩართულები ვიქნებით, რომ თითოეულ ოჯახს აღმოვუჩინოთ დახმარება.”– განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცბაიძემ.

ხანძარი ჭყონდიდელის დასახლებაში დღეს, დილის საათებში გაჩნდა. ცეცხლი ორსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა და მეორეზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.