რამდენი ლიფტია უფასო რუსთავში და რამდენი ლიფტი ჩანაცვლდა ახლით

რუსთავში არსებული 1 144 ლიფტიდან, დღეის მდგომარეობით, უფასო 1 121 ლიფტია. ლიფტების დარჩენილი ნაწილით უფასოდ სარგებლობა მოქალაქეებს მას შემდეგ შეეძლებათ, რაც პროცედურული და ტექნიკური საკითხები დასრულდება. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის მერის მოადგილემ, ბესო ტოგონიძემ განუცხადა.

“საკმაოდ კარგად წარიმართა პროცესი. აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენი ამხანაგობები და ამხანაგობების თავმჯდომარეები. მოხერხდა, რომ დღევანდელი დღისთვის 1 144 ლიფტიდან 1 121 უფასოდ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, ზოგიერთ კორპუსში ასარჩევია თავმჯდომარე, ასევე არის რამდენიმე კორპუსი, სადაც მოსახლეობა თვითონ ახორციელებდა ლიფტების ოპერირებას და მათი სურვილისამებრ, ჩართვა არ მოხდა პროგრამაში.”– განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ, ბესო ტოგონიძემ.

ტოგონიძემ TV4-თან ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე ლიფტების ჩანაცვლება მეგობრობის გამზირზე მიმდინარეობს, სადაც ჯამში 81 ლიფტი ჩანაცვლდება ახლით.

“მეგობრობაზე იცით, რომ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი პროექტი, ზოგადად კორპუსების რეაბილიტაციის, მიმდებარე არეალების რეაბილიტაციის. ამ კორპუსებში 81-ვე ლიფტის ჩანაცვლება მოხდება ახალი ლიფტებით. 30 ლიფტის ჩანაცვლების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ზოგან დასრულებულია, თუმცა გარკვეული ხარვეზებიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარება ჯერ არ განგვიხორციელებია. ცალკე პროგრამა აქვს ლიფტების რეაბილიტაციის  “რუსთავის კორპუსს”, იქიდან 37 ლიფტია რეაბილიტირებული.”- აცხადებს რუსთავის მერის მოადგილე.

რუსთავში მრავალსართულიან კორპუსებში 1 200-მდე ძველი ლიფტია. პროექტი გრძელვადიანია, ეტაპობრივად განხორციელდება და მისი სრული ღირებულება 40 მილიონი ლარია.

რაც შეეხება ლიფტების რეაბილიტაციას, ამ მიმართულებით რუსთავის კორპუსს ცალკე პროგრამა აქვს.