დმანისის სოფელ ვარდისუბანში ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
ბაღში სასწავლო პროცესის განახლებას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად დაესწრო. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებსა და პედაგოგებს სწავლის განახლება მიულოცეს.

“დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი სასწავლო პროცესის მაღალი სტანდარტებით წარმართვისთვის. აღსაზრდელებს თანამედროვე წესებისა და მოთხოვნების შესაბამის გარემოში შეეძლებათ სკოლამდელი განათლების მიღება. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის.“ -განაცხადა გოგი მეშველიანმა
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, მოწესრიგდა გარე-ფასადი და სახურავი, გარემონტდა სააღმზრდელო ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 580 550 ლარით დაფინანსდა. საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე 40 აღსაზრდელი ირიცხება.
დღესვე, დმანისის მუნიციპალიტეტში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა ქ.დმანისის N1 და სოფლების განთიადის , ჯავახის, მაშავერასა და ბოსლების რეაბილიტირებულ ბაღებშიც.
აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქ.დმანისის N2, N3 , სოფელ- გომარეთისა და სარკინეთის საბავშვო ბაღებში, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ.









