იქნება თუ არა ჯაფარიძე რუსთავში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი – პოლიტიკური შეფასებები

 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის “ლელომ” რუსთავსა და გარდაბნის ათ სოფელში კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა. დღეს ოპოზიციურ პარტიებში კონსულტაციები იმართება – იქნება თუ არ ბადრი ჯაფარიძე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი და როგორ აფასებენ მის კანდიდატურას მმართველ გუნდში. 

შეფასებები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დილიდან გააკეთეს. ოპოზიიცის წინასწარი განწყობები ჯაფარიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, დადებითია. “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ  ჯაფარიძე ღირსეული კანდიდატია, თუმცა გადაწყვეტილებას მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.

 

როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ოპოზიციურ პარტიებთან, განსაკუთრებით, „ლელოსთან“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

„დღეს გვექნება შეხვედრა. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა პარტიაშიც. იცით, რომ დავით კირკიტაძე არის მნიშვნელოვანი ფიგურა რუსთავში ოპოზიციურ ფრონტზე და მისი მოსაზრებები უნდა გავითვალისწინოთ. კონსულტაციების დასრულების შემდეგ განცხადებას გავაკეთებთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, “ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ რუსთავის მოსახლეობა ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას უარს ეტყვის.

“რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანის მოხვედრას, ვისაც კრიმინალთან აქვს შეხება – საზოგადოებამ დაინახა, რომ ბადრი ჯაფარიძემ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ეს დანაშაული სასამართლომ დაადგინა”, –ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ რუსთავის შუალედურ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსების თაობაზე დასმულ კითხვას.

 

“რუსთავის საზოგადოება ის საზოგადოება არ არის, რომელიც ვერ გაარჩევს, რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება ასეთი განაჩენის მქონე ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს”, – ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“სტატეგია აღმაშენებელს” შუალედურ არჩევნებში კანდიდატი არ ეყოლება. როგორც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, კონსულტაციების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსთავში კანდიდატს არ დააყენებენ.

ვაშაძე რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის დასახელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ კონსულტაციები ექნებათ “ლელოსთან”.

 

“ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება რუსთავში არჩევნები და იმედია, შედეგიც იქნება ხალხისთვის სასარგებლო და კიდევ ერთ ნაბიჯს გადავგამთ ხელისუფლების დემონტაჟისკენ. შემთხვევით არ ვამბობ, რომ შესაძლებლობა არის იმის, რომ თუ ახლო მომავალში არა, საშუალო ვადაში მაინც უმრავლესობა დაიშალოს და ახალი უმრავლესობა ჩამოყალიბდეს ამ პარლამენტში,”– განაცხადა ვაშაძემ.

“ლელოში” პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა იმართება, სადაც სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. საბა ბუაძის განცხადებით, რუსთავში ბადრი ჯაფარიძის და ოპოზიციის საერთო გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

„ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსთავში არ წყდება ერთი პარტიისა და ერთი მანდატის ბედი. რუსთავში ოპოზიციის გამარჯვებასთან დაკავშირებულია გაცილებით უფრო ფართო და მნიშვნელოვანი საკითხები. ამიტომ, აუცილებელია კოორდინაცია, რესურსების გაერთიანება იმისთვის, რომ რუსთავში ოპოზიციისა და ბადრი ჯაფარიძის გამარჯვება გადავაქციოთ ახალ შესაძლებლობად მთლიანად პოლიტიკური პროცესის ცვლილებისთვის. ზუსტად ამ საკითხისა და ამ პრობლემების ირგვლივ ვაპირებთ ძალიან ინტენსიურ კომუნიკაციას ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან იმისთვის, რომ საბოლოოდ, ეს პროცესი ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდეს”, – განაცხადა ბუაძემ.