ნინო ლაცაბიძე ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა [ვიდეო]

ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ეკონომიკური ინვესტიციების გეგმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოსა და მოლდოვაში დიანა იაბლონსკა, რუსთავს მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდა.

პროექტის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ფარგლებში გამართულ შეხვედრას ევროკომისიიდან და ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობიდან ესწრებოდნენ.

რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსთავის მდგრად განვითარებაზე, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, დეცენტრალიზაციაზე, თანამედროვე მუნიციპალური სერვისებზე, პროფესიულ განათლებაზე, ასევე ადგილობრივ დონეზე შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე.

საუბარი შეეხო რუსთავში მიმდინარე და განსახორციელებელ ინოვაციურ პროექტებს.

„რუსთავის მერიაში ვუმასპინძლეთ საქართველოში ევროკავშირისა და ევროკომისიის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლობას. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და იმ გამოწვევებზე, რაც დღეს აქვს ქალაქს. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო გეგმებს, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. მე ვფიქრობ, თანამშრომლობას კიდევ უფრო აქტიურად და საინტერესოდ გავაგრძელებთ, რაც კონკრეტულ პროექტებში გამოიკვეთება“ , – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.