საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს

რუსთავის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. უკრაინისა  და უკრაინელების  გვერდში დგომის სიმბოლოდ, საკრებულოს შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს.

დეპუტატების განცხადებით,  რუსთავთან დაძმობილებული უკრაინული ქალაქების დასახმარებლად მუშაობას დაიწყებენ.

“რუსთავის ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ სიმბოლურად საკრებულოს შენობაში გადმოვფინეთ უკრაინული დროშა. ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას გამძლეობას, მშვიდობას და გამარჯვებას იმ ბნელ ძალაზე, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს. მინდა ასევე განცხადება გავაკეთო, რუსთავს ჰყავს უკრაინაში დაძმობილებული ქალაქები და ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა  და დავეხმაროთ სხვადასხვა გზით ჩვენს დაძმობილებულ ქალაქებს და კიდევ ერთხელ ვუსურვოთ მათ გამძლეობა და გამარჯვება” – განაცხადა საკრებულოს წევრმა ენმ-დან, თაკო მეტრეველმა.

“ჩვენ სოლიდარულები ვართ და მხარდაჭერას გამოვხატავთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ის ბოროტება, რა ბოროტებაც არის დღეს მსოფლიოში პუტინის და რუსეთის იმპერიის სახით, ძალიან მალე უნდა დასრულდეს,რადგან მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მშვიდობას ვუსურვებ უკრაინელ ხალხს და მთელ მსოფლიოს.” – განაცხადა ჯუბა მგელაძემ.