რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილედ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინათინ ლოცულაშვილი აირჩიეს. წარმომადგენლობითმა ორგანომ მოადგილის არჩევის საკითხს კენჭი უყარა დღევანდელ სხდომაზე. კენჭისყრაში მონაწილეობა 18-მა დეპუტატმა მიიღო.
სხდომაზე პარტიის “საქართველოსთვის” წევრებმა საკრებულოში “ქართულ ოცნებას” კანდიდატის წამოყენება შესთავაზეს, თუმცა მმართველი გუნდიდან დეპუტატებმა გადაწყვეტილება არ შეცვალეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
ოპოზიცია ამბობს, რომ გაზრდილი ბიუჯეტის და მერიის მხრიდან წარდგენილი პროექტების დასამტკიცებლად ბიუროს სრულფასოვანი დაკომპლექტება იყო საჭირო და აუცილებელი იყო კიდევ ერთი მოადგილის არჩევა.
“მივესალმებით ყოველ ჯერზე ბიუჯეტის გაზრდას და ამ ნაწილს მხარს დავუჭერთ, თუ მორგებული იქნება რუსთაველების ინტერესებზე. საკრებულო ფიზიკურად ვერ იმსჯელებდა და ფიზიკურად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას ბიუჯეტთან და სხვა საკითხებთან მიმართებით, თუ არ დაკომპლექტდებოდა ბიურო, ამისთვის მინიმუმ შვიდი ადამიანის შემადგენლობით უნდა იყოს დაკომპლექტებული და მეშვიდე ადამიანი გახლდათ მოადგილე. არაერთხელ შევთავაზეთ “ქართულ ოცნებას” წამოეყენებინათ კანდიდატი მოადგილის თანამდებობაზე, რომ გადაწყვეტილების მიღება შეგვძლებოდა იმისთვის, რომ სწორედ ბიუჯეტი განგვეხილა და ის საკითხები, რაც გადმოგზავნილია მერიის მხრიდან საკრებულოში, აუცილებელი იყო, რომ ფორმირება მომხდარიყო და დაგვეჭირა მხარი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატისთვის. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს “ქართული ოცნების” მიზნებს.” – განაცხადა პარტიიდან “საქართველოსთვის” საკრებულოს წევრმა, ნათია შელეგიამ.
“ძალიან საინტერესო იქნებოდა “ქართული ოცნების” მხარეს მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში და დაეყენებინა კანდიდატურა და ჩვენ სამივე პარტიას ერთად აგვეღო პასუხისმგებლობა, გვემუშავა და მიგვეღო გადაწყვეტილებები. “- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ლოცულაშვილმა.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, “ქართული ოცნების” წევრის, მარიკა ლიპარტელიანის განცხადებით, ისინი საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობას იღებენ და ამისთვის პოზიცია და თანამდებობები არ სჭირდებათ.
“ძალიან არასერიოზულია, როცა უპასუხისმგებლობაზე გველაპარაკება ძალა, რომელმაც საკრებულოს პორველი სხდომა დემონსტრაციულად დატოვა. “ქართული ოცნების” წამოყენებულ კანდიდატს არათუ მხარი არ დაუჭირა, მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს კენჭისყრაში პირველ სხდომაზე. რაც შეეხება საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობას, არ არის აუცილებლი პოზიცია და თანამდებობა გეკავოს, არ დავსდევთ ამ თანამდებობებს, რომელსაც ეს ორი პარტია ინაწილებს და დაინაწილეს. ჩვენ ისედაც მოვახერხებთ, რომ ვიმუშაოთ”- განაცხადა საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, მარიკა ლიპარტელიანმა.
ქალაქის საკრებულოში თავმჯდომარის, ნოდარ შეროზიას პირველი მოადგილე საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ალექსანდრე ბერიძეა, მეორე მოადგილე პარტიიდან “გახარია -საქართველოსთვის” ზაზა ჯაიანი, მესამე მოადგილე “ნაციონალური მოძრაობიდან” თინათინ ლოცულაშვილი იქნება.









