ამირან გამყრელიძის განცხადებები და პროგნოზები საბჭოს შემდეგ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, მოსახლეობის 80%-ზე მეტს აქვს იმუნური ფენა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

„ბოლო წერტილამდე არ მივსულვართ, მაგრამ დაახლოებითი მოდელირება, რაც გვაქვს, დღეს ეს 80%-ზე მაღალია, მაგრამ ბოლო ციფრი არ მინდა შემეშალას. გიდასტურებთ, რომ 80%-ზე მაღალია იმუნური ფენა“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით,  ქვეყანაში კორონავირუსის “ომიკრონის” შტამი აქტიურად ცირკულირებს. გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1 754 ფაქტი, საიდანაც 1 184 შემთხვევა შეისწავლეს. მისივე თქმით, 1184 პაციენტიდან 3 გარდაიცვალა. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა მხოლოდ 38 ადამიანს.

მისივე ცნობით, 1184-დან 14%-ის შემთხვევაში რეინფიცირება დადასტურდა.

„ყველა დადებითი შემთხვევის 90-95%-ში უკვე „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებულია 1754 „ომიკრონის“ შემთხვევა. აქედან შესწავლილია დეტალურად 1184 შემთხვევა. 1184 შემთხვევიდან 50% იყო ორჯერ ვაქცინირებული და 14%-ში გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი, ვისაც მანამდე ჰქონდა „დელტა“, დაემართა „ომიკრონი“. ამ 1184-დან 38-ის შემთხვევაში გახდა ჰოსპიტალიზაცია საჭირო. 1184-დან 3-ის შემთხვევაში გვქონდა გარდაცვალება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იანვრის განმავლობაში ან დეკემბრის მეორე ნახევარში „ომიკრონისგან“ გარდაიცვალა მხოლოდ 3 ადამიანი, იმიტომ რომ ეს გახლავთ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებზე,” – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში მზარდია, ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იმატებს.