“მივიღე გადაწყვეტილება, შევაჩერო ჩემი მონაწილეობა რუსთავის შუალედურ არჩევნებში”

ბადრი ჯაფარიძე რუსთავსა და გარდაბნის ათ სოფელში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე, ცოტა ხნის წინ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რადგან ქვეყანაში მიმდინარე რთული პროცესების გამო, არჩევნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

“ლელოს” ლიდერმა ხელისუფლებას პარლამენტის შუალედური არჩევნების გადადებისკენ მოუწოდა.

“ამ ვითარებაში, როდესაც მოსახლეობა უკიდურესად დასტრესილი და დაზაფრულია, საარჩევნო პროცესის წარმოება შეუძლებელია. მივიღე გადაწყვეტილება, შევაჩერო ჩემი მონაწილეობა რუსთავის შუალედურ არჩევნებში და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის შუალედური არჩევნები, რადგან ასეთ მდგომარეობაში, საგანგებო მდგომარეობაში, შეუძლებელია ნორმალური საარჩევნო პროცესის წარმართვა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინაში წყდება არა მხოლოდ უკრაინის ბედი, არამედ საქართველოს თავისუფლების ბედი. ამიტომ, ყველა რესურსი, მათ შორის სახელმწიფო რესურსი, უნდა იყოს მობილიზებული უკრაინის დასახმარებლად”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე.