კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, ისრაელის დიპლომატიური კორპუსისა და ,,შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ ორგანიზებით, გარდაბნის კლინიკებს სამედიცინო ინვენტარი გადაეცა. ინვენტარს შორისაა სასუნთქი აპარატები, სამედიცინო ტანსაცმელი, ნიღბები და სხვა ჰუმანიტარული დახმარება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს ინვენტარი გარდაბნის მერმა კლინიკების წარმომადგენლებს პირადად გადასცა.
„მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ქვემო ქართლში სახელმწიფო რმუნებულისა და ისრაელის მხარის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტს სამედიცინო ინვენტარი გადმოეცა. გარდაბნის „ქალთა ოთახის“ ჩართულებით, დღეს სამედიცინო ინვენტარი გარდაბანში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს გადავეცით. ჰუმანიტარული დახმარება, მუნიციპალიტეტის სოფლის ამბულატორიებსაც გადაეცემა“- განაცხადა დავით კარგარეთელმა.
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსისა და „შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ ორგანიზებით, 2 ტონამდე სამედიცინო ინვენტარი რეგიონის სამ მუნიციპალიტეტს გარდაბნს, რუსთავსა და მარნეულს გადაეცა.