დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა [ვიდეო]

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, პარლამენტის წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე, სადაც დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, პროკურატურა მისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

როგორც ადვოკატი ალექსანდრე მგელაძე აცხადებდა, კირკიტაძეს დანაშული არ ჩაუდენია. უფლებადამცველის მტკიცებით, კირკიტაძე დაპირისპირების დროს თავის დაცვის პოზიციაში იმყოფებოდა. პროკურატურის განმარტებით კი, ბრალდებული კირკიტაძე თავდაცვის მდგომარეობაში არ ყოფილა.

ამასთან, სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა დავით კირკიტაძემ და ის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.

დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდეგინა, რაც სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.