რუსთავში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს

რუსთავსა და გარდაბანში საოლქო საარჩევნო კომისიები 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან.  ცესკოს ინფორმაციით, რუსთავისა და გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიებში გასაუბრება გამართეს იმ მონაწილეებთან, რომლებიც შესარჩევ კონკურსში იღებდნენ მონაწილეობას და თანხმობა განაცხადეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, რუსთავში გასაუბრებები 156 პირთან, გარდაბანში – 11 კონკურსანტთან წარიმართა.

“როგორც დროებითი ისე საოლქო კომისიების მუდმივმოქმედი წევრები 203 კონკურსანტს შეხვდნენ. რუსთავში გასაუბრებები 156 პირთან, გარდაბანში – 11 კონკურსანტთან, ხოლო ბათუმში – 36-თან წარიმართა. სულ 1048 ვაკანტურ ადგილზე 1206 განაცხადი დარეგისტრირდა. აქედან 55 პირი ბოლო საერთო არჩევნებზე საუბნო კომისიებში პარტიის მიერ დანიშნული წევრი იყო, შესაბამისად ისინი კონკურსის პროცესს გამოეთიშნენ. სულ ამ ეტაპზე კონკურსში 1151 პირი მონაწილეობს.”- ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.