ვინ ისარგებლებს ქვემო ქართლში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უფასოდ – რწმუნებულის ინიციატივა

ქვემო ქართლში სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი კატეგორიის ბენეფიციარები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უფასოდ ისარგებლებენ.

 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული 18 ერთეული, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ადგილობრივ თვითმმართველობებს საკუთრებაში გადაეცათ – ამ ეტაპზე, მარნეულის მუნიციპალიტეტმა – 5, გარდაბანმა – 4, დმანისმა – 3, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებმა კი 2 – 2 ტრაქტორი მიიღეს.

სიახლით სარგებლობას სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები უფასოდ შეძლებენ – პროცესი მუნიციპალიტეტის სპეციფიკისა და სპეციალურად გაწერილი პროგრამის გათვალისწინებით განხორციელდება. დასაქმების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, მოხდება შესაბამისი სტატუსის მქონე პირთა გადამზადებაც.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას სასოფლო სამეურნეო ტექნიკა 2016 წელს, კომპანია „სოკარმა“ გადასცა – აღნიშნული ტექნიკით სარგებლობა რეგიონის მუნიციპალიტეტებს მხოლოდ თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე შეეძლოთ.